ექსკურსიები
ნოემბერი 24, 2021
ქვეყანაში შექმნილი ხანგრძლივი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს არ მიეცათ შესაძლებლობა უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და მოეხდინათ სოციალიზაცია სასკოლო გარემოში. ჩვენ გვჯერა, რომ ფიზიკური აქტივობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიურ სასწავლო პროცესში ჩართულობა. ამ მიზნით, დაიგეგმა რიგი საველე ექსკურსიები, რომლის დროსაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მოენახულებინათ ის ადგილები, რომლებიც მათგან გარკვეულ ფიზიკურ აქტივობას მოითხოვდა.
ჩვენ შევქმენით კარგად ორგანიზებული პროგრამა ღირშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად. გასვლით ექსკურსიებამდე, წინასწარ მოვინახულეთ და გულდასმით შევარჩიეთ საფეხმავლო ადგილები, რომლებიც საკმაოდ დიდი მანძილის დალაშქვრას მოითხოვდა.
ყველა კლასი დაიყო მცირე ჯგუფებად, რათა თითოეულ ჯგუფს ჰქონოდა საშუალება სკოლის მასწავლებლებთან ერთად დაელაშქრა სხვადასხვა მიმართულებით არსებული მარშუტები, რომლებიც 20 ოქტომობრიდან 25 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა.
ამერიკული აკადემიის მერვე კლასელების ერთი ჯგუფი გაემგზავრა რკონის სამონასტრო კომპლექსის და ორბის ციხის დასათვალიერებლად, ხოლო მეორე ჯგუფმა - ატენის სიონი მოინახულა. მეცხრეკლასელებმა მრავალწყაროს ფერადი მთები და წყალსაცავი მოინახულეს. ასევე დაათვალიერეს უძველესი ისტორიული სამშვილდის ციხე-ქალაქი. მეათეკლასელებმა დაათვალიერეს უჯარმისა და ბოჭორმის ციხე-ქალაქები,ტანას ხეობა, დოლოჭოფის ბაზილიკა და ნეკრესისი სამონასტრო კომპლექსი. მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დალაშქრეს ბირთვისის კანიონი, უძველესი ისტორიული სამშვილდისა და რკონის სამონასტრო კომპლექსები. ხოლო მეთორმეტე კლასელებმა მოინახულეს უძველესი ისტორიული არქეოლოგიური ციხე-ქალაქი სამშვილდე, ტანას ხეობა და რკონის ციხე.
მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სტანდარტებისა, რომელსაც აკადემიის მოსწავლეები ზედმიწევნით ასრულებდნენ და იცავდნენ, მათ ერთად სასიამოვნო დრო გაატარეს.