მიმოხილვა

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა VIII-XII კლასებში 372-ს შეადგენს. სკოლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს წარმატებით გააგრძელოს სწავლა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აკადემიის მაღალკვალიფიციური და მატერიალურად სათანადოდ უზრუნველყოფილი მასწავლებლები გაკვეთილებს თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კლასებსა და ლაბორატორიებში ატარებენ, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფების ინტერაქტიური სწავლებისთვის. მიუხედავად სახელისა, სკოლა ქართულია და ქართველებისთვის არის შექმნილი. ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება. აკადემიაში მიღების მსურველებმა უნდა ჩააბარონ ტესტები ქართულში, ინგლისურში, მათემატიკასა და ესეს წერაში, აგრეთვე გაიარონ გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. აკადემიაში სწავლის საშუალება უცხოელ მოსწავლეებსაც ეძლევათ.